BG1.21

Nandapriya d · 2026-10-14
Held at ISKCON Tbilisi · ქართული

The lecture explores verses from the Bhagavad Gita where Arjuna requests Krishna to place his chariot between the two armies so he can observe the gathered warriors. This interaction highlights the loving, reciprocal relationship between God and His devotee, as the Supreme Lord lovingly places Himself in a serving role as Arjuna's charioteer. Krishna fulfills the request by positioning the chariot before key leaders, demonstrating His omniscience while playfully engaging with Arjuna before the battle begins.

პირველი თავისევ ვართ. ვაგრძელებთ ამ შემთხვევაში ოცდაპირველი, ოცდამეორე ლექსებიდან.

om namo bhagavate vāsudevāya
om namo bhagavate vāsudevāya
om namo bhagavate vāsudevāya

arjuna uvāca
senayor ubhayor madhye
rathaṁ sthāpaya me 'cyuta
yāvad etān nirīkṣe 'haṁ
yoddhu-kāmān avasthitān
kair mayā saha yoddhavyam
asmin raṇa-samudyame

არჯუნამ თქვა: „ო შეუცდომელო, გთხოვ გაიყვანე ჩემი ეტლი ლაშქართა შორის, რათა ვიხილო აქ შეკრებილი ბრძოლას მოწყურებული მეომრები, რომლებთანაც მომიწევს შერკინება ამ დიდ ომში.“

განმარტება:
უფალი კრიშნა ხდება უზენაესი პიროვნება, მაგრამ თავისი უმიზეზო წყალობით იგი საკუთარ მეგობარს, არჯუნას ემსახურება. უნაკლოა მისი სასიყვარულო ურთიერთობა თავის ერთგულებთან. მათთვის ის ყველაფრისთვის მზად არის. როგორც მეეტლე, იგი არჯუნას ბრძანებათა მორჩილი უნდა ყოფილიყო და ვინაიდან იგი უყორყმანოდ შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, ლექსში არჯუნა მას „შეუცდომლის“ სახელით მიმართავს. თუმცა უფალი საკუთარი ერთგულის მეეტლის სახით წარმოდგა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ იგი უზენაესია, რომ ნებისმიერ ვითარებაში იგი რჩება უზენაესი პიროვნება, ხრიშიკეშა, მთელ გრძნობათა მეუფე. ურთიერთობა უფალსა და მის მსახურს შორის უაღრესად თბილი და ტრანსცენდენტურია. მსახური ყოველთვის მზადაა ემსახუროს უფალს და უფალიც არ კარგავს შესაძლებლობას ამ სიკეთისთვის სიკეთით უპასუხოს თავის ერთგულს. მას მეტ სიამოვნებას ანიჭებს თავის წმინდა ერთგულს ბრძანების გაცემის საშუალებას რომ აძლევს, ვიდრე ის, რომ თავად იძლევა განკარგულებას. იგია ბატონი ყოველთა, რომლებნიც მის ნებას ემორჩილებიან და მის უმაღლესს არავინაა ისეთი, მას რაიმე უბრძანოს. მაგრამ როდესაც უფალი წმინდა ერთგულისაგან იღებს ბრძანებას, ტრანსცენდენტურ სიამოვნებას განიცდის, თუმცა ის მაინც რჩება შეუცდომლად და ყოვლისშემძლე ბრძანებლად. როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არჯუნას არ სურდა თავის ბიძაშვილებთან ბრძოლა, მაგრამ დურეოძანა, რომელიც ჯიუტად უარყოფდა რაიმე მშვიდობიან შეთანხმებას, აიძულა ბრძოლის ველზე გამოსულიყო. ახლა კი თავად არჯუნასაც ერთი სული ჰქონდა, ეხილა საომრად შეკრებილი იმ მხედართმთავრები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საომრად განწყობილ ლაშქართან შერიგების მცდელობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, მას მაინც ეწადა დაენახა ისინი და გაეგო, რამდენად მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ძმათა მკვლელი ომი. აქ ჩვენ რას ვხედავთ? აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ მზადება მიდის, უკვე საცაა დაიწყება ყველაფერი და ის კი არა, უკვე ჩაბერეს თავის ნიჟარებს კრიშნამ და არჯუნამ და ასევე პანდავებმა თავის ძალიან ძლიერ ნიჟარებს, ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან მოწინააღმდეგეებმა თავისას და მოკლედ, დიდი ბრძოლა უნდა დაიწყოს. ამ დროს არჯუნას უჩნდება სურვილი, რომ შეხედოს, ვის უნდა შეებრძოლოს და სთხოვს უფალს: „ახლოს მიმიყვანეო, კრიშნას, ანუ ორ ჯარს შორის შუაში გაიყვანე ჩემი ეტლი, რომ ერთი კარგად მოვავლო თვალი, ვინ დგას იქ მოწინააღმდეგე მხარესო.“ და ასე იწყება უკვე, ასე ვთქვათ, სიუჟეტის გამძაფრება ამ შემთხვევაში. ახლა, არჯუნა კრიშნას ერთგულია და კრიშნა კიდევ უზენაესი უფალი, მაგრამ ძალიან... ეს არის რაღაც უნიკალური, გენიალური რაღაცა, რასაც მხოლოდ ვაიშნავურ ტრადიციაში ვხედავთ ამას. ღმერთი აქეთ არის მისი ერთგულის მსახური, დგას მის მეეტლედ. წარმოგიდგენიათ? წარმოგიდგენიათ, მისი ბრძანების შემსრულებელია და რატომ? ის არავისგან არ მიიღებს ბრძანებას, რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი ერთგული იმდენად იმორჩილებს მას თავისი სიყვარულით, რომ კრიშნას ის უფრო სიამოვნებს, შეუსრულოს მას სურვილი ან თუნდაც ბრძანება, ვიდრე პირიქით, აქეთ უბრძანოს ერთგულს რამე. ეს არის ფაქტი, ეს არის სიყვარულის ბუნება, ნამდვილი სიყვარული ასეთია. იქ დიდი-პატარა არ არსებობს. აქ პირიქით, რაც მეტად ემსახურები კრიშნას, მით უფრო მეტად უნდა მას აქეთ დაგიბრუნოს ყველაფერი სამსახურით. აი ეს არის არაჩვეულებრივი ბუნება კრიშნასთან ურთიერთობის. ლექსი 23-ე:

yotsyamānān avekṣe 'haṁ
ya ete 'tra samāgatāḥ
dhārtarāṣṭrasya durbuddher
yuddhe priya-cikīrṣavaḥ

„მიჩვენე ისინი, ვინც საბრძოლველად შეიკრიბნენ აქ, რათა სიამოვნება მიანიჭონ დრიტარაშტრას ბოროტ შვილს.“

განმარტება:
აღარავისთვის არის საიდუმლოება, რომ დურეოძანა მამამისთან, დრიტარაშტრასთან ერთად ბოროტ გეგმებს აწყობდა, რათა პანდავების სამეფო ტახტი უკანონოდ ჩაეგდო ხელთ. ამიტომ ის მეომრებიც, რომლებიც დურეოძანას უჭერდნენ მხარს, ერთი ყაიდისანი უნდა ყოფილიყვნენ. არჯუნას ომის დაწყებამდე სურდა მათი ბრძოლის ველზე ნახვა, გაგება მათი ვინაობისა და მათი ძალების შეფასება, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია მათთან მშვიდობიანი შეთანხმება. ცხადია, რომ მათ ხილვა მას მოწინააღმდეგის ძალების შესაფასებლადაც სურდა, თუმცა მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, რადგან კრიშნა მის მხარეს იდგა. ტექსტი 24-ე:

sañjaya uvāca
evam ukto hṛṣīkeśo
guḍākeśena bhārata
senayor ubhayor madhye
sthāpayitvā rathottamam

სანჯაიამ თქვა: „ო ბჰარატას შთამომავალო, არჯუნას ამ თხოვნის პასუხად უფალმა კრიშნამ დიდებული ეტლი მოწინააღმდეგე ლაშქართა შუა გაიყვანა.“

განმარტება:
ამ ლექსში არჯუნა გუდაკეშად იწოდება. გუდაკა ნიშნავს ძილს. მას კი, ვინც ძილზე იმარჯვებს, გუდაკეშას უწოდებენ. ძილი უგუნურებასაც ნიშნავს. ამრიგად, ამ სახელდების მიხედვით, კრიშნასთან მეგობრობით არჯუნამ ძილსაც სძლია და უგუნურებასაც. მას წამითაც არ დავიწყებია კრიშნა, რადგან ასეთია დიადი ერთგულის ბუნება. იგი ძილში თუ ცხადში მარად კრიშნას სახელზე, ფორმაზე, თვისებებსა და გართობებზე ფიქრობს და ძილსა და უგუნურებას ამიტომაც ამარცხებს. ამგვარ მდგომარეობას საკუთარ თავში კრიშნას ცნობიერება ანუ სამადჰი ეწოდება. როგორც ხრიშიკეშამ, ანუ ყოველი ცოცხალი არსების გრძნობებისა და ჭკუის წარმართველმა, კრიშნამ იცოდა, თუ რატომ სთხოვა არჯუნამ მას ლაშქართა შუა ეტლის გაყვანა. ამიტომ შეასრულა მისი თხოვნა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა. გუდაკეშა ნიშნავს ძილის დამმარცხებელს. ძილი გათანაბრებულია უმეცრებასთან, იმიტომ რომ ძილში აღარაფერი აღარ გახსოვს და ეს მდგომარეობა უმეცრების ტოლფასია.

არჯუნამ ეს ძილი სძლია. რითი სძლია? იმიტომ რომ ყოველთვის ახსოვდა კრიშნა — ღვიძილშიც და ძილშიც. ყოველთვის, დღე-ღამის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში მას არასოდეს არ ავიწყდებოდა კრიშნა და სწორედ ამით იძლია მან. სხვათა შორის, ერთგულებისთვის (ახლა ვინც რეალიზებულია, რა თქმა უნდა, მათზეა საუბარი) ძილი არის, ისევე როგორც ჭამა ან სხეულის სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ნაკლებად მნიშვნელოვანი და მინიმუმამდე ჰყავთ ეს დაყვანილი. ეს ვიცით, მაგალითად, ექვსი გოსვამის მაგალითზე, რომელთაც ისე ცოტას ჭამდნენ, რომ სხვა ადამიანი შეიძლება ამას უბრალოდ გადაჰყვეს, მოკვდეს, ვერ გაუძლოს. ან ეძინათ ორი საათი, როგორც წესი, მეტი არა, იმიტომ რომ იძულებული ხარ სხეულს მისცე ეს დასვენება, სხეული გაიძულებს ამას, იმიტომ რომ ისიც ხომ რაღაც გარკვეულ მანქანასავით არის, მას სჭირდება ეს დასვენება და ამიტომ. სხვათა შორის, ამის მიბაძვა არის ძალიან დიდი სისულელე და აბსოლუტურად აკრძალულია, იმიტომ რომ თუ ამას მიბაძავ, უბრალოდ დამთავრდება ყველაფერი იმით, რომ კიდევ უფრო მეტს დაიძინებ და კიდევ უფრო მეტს შეჭამ, ანუ ხელოვნურად ვერ შეასრულებ ამას. ეს მოვა ბუნებრივად, როცა რეალიზაციას მიაღწევ. რაც უფრო მეტად გაიწმინდები და მიხვდები, რომ ეს სხეული არა ხარ, არამედ ხარ სული, რომელსაც სხეულისებური მოთხოვნილებები საერთოდ არ ეხება და არ სჭირდება, მით უფრო შემცირდება ის დრო, რასაც ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას დაუთმობ და დაიყვანება აბსოლუტურად მინიმუმამდე. სანამ ამას მიაღწევ, კრიშნა გვირჩევს ბჰაგავად-გიტაში: ვინც ძალიან ბევრს ჭამს ან ძალიან ცოტას, ვისაც ძალიან ბევრი ძინავს ან ძალიან ცოტა ძინავს, ვინც ძალიან ბევრს შრომობს ან ძალიან ცოტას შრომობს, ის ვერ იქნება იოგი. ანუ ეს ოქროს წონასწორობაა საპოვნელი ამაში. ლექსი 25-ე:

bhīṣma-droṇa-pramukhataḥ
sarveṣāṁ ca mahī-kṣitām
uvāca pārtha paśyaitān
samavetān kurūn iti

ბჰიშმას, დრონასა და მსოფლიოს დანარჩენი სარდლების თვალწინ უფალმა მიმართა არჯუნას: „ხედავ, პარტჰა, ყველა კურუ აქაა შეკრებილი.“

განმარტება: როგორც ყოველი ცოცხალი არსების გულში დავანებულ უზენაეს სულს, უფალ კრიშნას ესმოდა, რა აზრები ტრიალებდა არჯუნას ჭკუაში. წინა ლექსში ნახმარი სიტყვა ხრიშიკეშა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა. არჯუნასთან დაკავშირებით საყურადღებოა სიტყვა პარტჰა, ანუ პრითას, კუნტის შვილი. ამით, როგორც მეგობარმა, კრიშნამ არჯუნას უთხრა: ვინაიდან არჯუნა პრითას, ანუ კრიშნას მამის, ვასუდევას დის შვილი გახლდათ, იგი თანახმა იყო გამხდარიყო არჯუნას მეეტლე. მაშ, რას გულისხმობდა კრიშნა, როდესაც არჯუნას უთხრა: „ხედავ კურუთ“? იქნებ სურდა შეეჩერებინა არჯუნა და ამით განერიდებინა ბრძოლისაგან? მაგრამ კრიშნამ წინასწარვე იცოდა, რომ მისი მამიდაშვილი, პრითას შვილი, ასეთ გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებდა. მაშასადამე, ეს იყო მეგობრული ხუმრობა, რითაც უფალმა არჯუნას ანიშნა, მისი ფიქრები რომ უკვე იცოდა. ამ ლექსებში ხშირად ძალიან ბევრი ცოდნაა ჩადებული. სახელებს როცა ხმარობს, ვთქვათ, ან კრიშნა, ან პირიქით არჯუნა, შემთხვევით არ არის ეს სახელები არჩეული. პარტჰა ნიშნავს პრითას, ანუ კუნტის შვილს. კუნტი იყო დედა არჯუნასი, და პრითა კიდევ იყო კრიშნას მამიდა, ანუ მისი მამის, ვასუდევას და. ხოდა ეს იმას ნიშნავს, რომ არჯუნას კრიშნამ მიუთითა: „შენ ხარ პრითა, ნახე...“ იცოდე, რომ შენ ჩემი მამიდაშვილი ხარ. და იცოდა მან ასევე ისიც, რომ ის არ გადათქვამდა ამ ბრძოლის შეჩერებაზე. მოკლედ, რაღაც გარკვეულ ხუმრობასავით იყო ეს, რითაც უფალმა არჯუნას ანიშნა, მისი ფიქრები რომ უკვე იცოდა. იცით რა, რატომღაც მგონია, რომ ჩემს მიკროფონს აქვს რაღაც პრობლემა, ამიტომ დღეს აქ დავამთავრებთ და გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში. მადლობა, ჰარე კრიშნა!

BG1.21 (ქართული)

WhatsApp Facebook Email ⬇️Download